,,თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი” – ასე ჰქვია ჩემს უნივერსიტეტს, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, მოვხვდი 2008 წელს, მაგრამ მას მაშინ ,,საქართველოს საგადასახადო-საბაჟო აკადემია” ერქვა.
პირველივე სასწავლო წლის დასრულების შემდეგ 2009 წელს სასწავლო და სტუდენტური ცხოვრების უღიმღამობამ და ერთფეროვნებამ გადამაწყვეტინა სხვა სასწავლებელში გადასვლა, თუმცა უშედეგოდ. ასე რომ დავრჩი კვლავ ,,საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში”, რომელსაც მოგვიანებით დასახელებაში სიტყვა ,,სასწავლოც” ჩაემატა. არ მინდა, მკითხველი დავაბნიო, ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ უნივერსიტეტს შეეცვალა სახელი.
2010 წელსაც კვლავ ვცადე უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში გადასვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ უშედეგოდ.
ალბათ, მკითხველი იკითხავს, კი მაგრამ ამ ადამიანს რა სჭირდა, ერთადგილას რომ ვერ ჩერდებოდაო?
პასუხი მარტივია. ნამდვილად არასასურველი და არასასიამოვნო იყო კითხვები, რომელსაც ახლობლები და მეგობრები მისვამდნენ ჩემს სასწავლებელთან დაკავშირებით, მაგალითად:
- ეგ რომელი უნივერსიტეტია?
- სად არის?
- ააა, ფონიჭალაში?
- აკრედიტებულია?
მსგავსი კითხვები, ამოსული მქონდა ყელში.
ასე რომ სხვა რა დამრჩენოდა, მესამე კურსზე შევურიგდი ბედს და გადავწყვიტე, რამე სასარგებლო გამეკეთებინა უნივერსიტეტის იმიჯისთვის. გავხდი თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და რამოდენიმე მცირე პროექტი ჩემი პირადი ინიციატივითა და ფინანსური რესურსებით განვახორციელე (აბა, თვითმმართველობას ბიუჯეტს ვინ გამოუყოფდა, ეს ფანტასტიკის სფეროც არ იყო… ის კი არა ოთახიც არ გვქონდა) მოვაწყვე ექსკურსიები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები და ა.შ. მოხდა ისე, რომ ჩემი შრომა არავინ დააფასა, პირიქით…
მოკვდა იქტურობის სტიმული სტუდენტებში, მოკვდა თანამშრომლობის სურვილი სხვა უნივერსიტეტებთან, მოკვდა კონკურსები, შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები, სპორტული ღონისძიებები და ჩვენი უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ასპარეზიდან აღიგავა პირისა მიწისა.
დავანებე ყველაფერს თავი და გავხდი მხოლოდ ცოდნაზე ორიენტირებული სტუდენტი. საგანმანათლებლო სასწავლებლის პირველი საფეხურის ბოლო სემესტრისთვის დიპლომზე ფიქრის მეტი არ მაწუხებდა არაფერი.
ამას წინათ აპრილის თვის დასაწყისში უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა (ამ სემესტრში დანიშნა თანამდებობაზე სასწავლებლის დამფუძნებელმა) მოაწყო სტუდენტებთან შეხვედრა, რომელსაც მეც დავესწარი. იგი დიდ დაპირებებს იძლეოდა უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებით.
მესმოდა ტრაფარეტული სიტყვები
- ჩვენ გავაკეთებთ . . .
- ჩვენ შევცვლით . . .
- ჩვენ გპირდებით . . .
- ჩვენ მოვაწყობთ . . .
- ჩვენ ვმუშაობთ . . .
- ჩვენ ვითანამშრომლებთ . . და ა.შ.
ამ შეპირებებით ნებისმიერი სტუდენტი აღტაცებული დარჩებოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველ მათ შეპირებას აკლდა სიტყვა “თუ”. ეს ხომ კერძო ბიზნესია და უნივერსიტეტის რებრენდინგისთვის თითოეულ პროექტს სჭირდება დამფუძნებლის თანხმობა.
სასწავლო დეპარტამენტის ახალი უფროსის გამოსვლამ გამახსენა 2011 წლის სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები, სადაც მე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურისთვის ვიბრძოდი. ჩემმა მეგობარმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე განაცხადეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს (სლაიდებში ჩამოთვლილი გვქონდა პროექტები) “თუ”, რა თქმა უნდა, იქნება დამფუძნებლის თანადგომა, მისი კეთილი ნება და ფინანსური მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ეს ყოველივე არ მოხდა და სტუდენტებმა, რომლებსაც უღვივოდათ ნაკვერჩხალი აქტიური ცხოვრებისა, ზოგმა სხვის ბუხარში დაანთო კოცონი, ან ის ნაკვერჩხალიც ჩაუქრა.
და ბოლოს მაინც მინდა წარმატება ვუსურვო უნივერსიტეტის ახალ ხელმძღვანელობას,
რა ვიცი, მაინც ყოველი შეთხვევისათვის.


